---
title: "მუხლი 16¹. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/16-1"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "16^1"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16¹. საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემისა და ქორწინების ნამდვილობის შემოწმების წესები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 16¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/16-1

1. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განსახილველად იქმნება უწყებათაშორისი კომისია (შემდგომ – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლები.

2. კომისია უფლებამოსილია ქორწინებაში მყოფი პირების ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად მათ ჩაუტაროს გასაუბრება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. ქორწინებაში მყოფი პირები ვალდებული არიან კომისიას მისცენ ახსნა-განმარტება, წარუდგინონ ოჯახური კავშირის ნამდვილობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება და დოკუმენტი, მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში გამოცხადდნენ კომისიაში და კომისიას საჭიროებისამებრ მისცენ შესაძლებლობა, გადაამოწმოს შესაბამის დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია, მათ შორის, საცხოვრებელ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებითა და სათანადო პირების გამოკითხვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კომისიაში გამოცხადებაზე, კომისიის მიერ საცხოვრებელი ადგილის დათვალიერებაზე ან მასთან თანამშრომლობაზე უარის სხვაგვარად განცხადება საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

4. თუ კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ქორწინება ფიქციურია, იგი შესაბამის საქმის მასალებს უგზავნის საგამოძიებო ორგანოს საქართველოს მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ამ მასალების ასლებს − საქართველოს პროკურატურას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებისას საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი განცხადების განხილვის ვადა ჩერდება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ან გამოძიების შეწყვეტამდე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი, აგრეთვე ოჯახური კავშირისა და ოჯახის შექმნის ნამდვილობის დასადგენად გასაუბრების ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/17.md
