---
title: "მუხლი 23. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/23"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "23"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/23

1. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) თუ მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) თუ მან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;
გ) თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;
[ გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრება მიზანშეუწონელია; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
დ) თუ შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება;
ე) თუ მის მიმართ არსებობს „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

2. პირს შეუწყდება საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, თუ:
ა) მან მიიღო ან მას დაუდგინდა საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ბ) გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;
გ) მასზე პასუხისმგებლობა აიღო „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1954 წლის კონვენციის ხელშემკვრელმა რომელიმე სახელმწიფომ ამავე კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. (ამოღებულია 30.03.2021, №428).
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №428 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/24.md
