---
title: "მუხლი 3. ზოგადი პრინციპები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/3"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "3"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ზოგადი პრინციპები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/3

უცხოელის საქართველოში შემოსვლა, ყოფნა, ტრანზიტით გავლა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება შემდეგი პრინციპებით:
ა) ნაცვალგების პრინციპი;
ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპი;
გ) დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი;
დ) არგაძევების პრინციპი;
ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპი;
ვ) უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ, მისი გადაკვეთის მიზეზისა და მიზნის გათვალისწინებით, გამოიყენონ შესაბამისი კანონები და წესები;
თ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთი უცხოელის მიმართ შესაძლებელია მხოლოდ იმ შეზღუდვათა გამოყენება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით;
ი) უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს, გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
კ) უცხოელის საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვით;
ლ) საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);
მ) საქართველოში მყოფ უცხოელს შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით;
ნ) უცხოელის საქართველოდან გაძევება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით;
ო) სხვა სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე ვრცელდება ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც დადგენილია ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/4.md
