---
title: "მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/47"
law: "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ"
article: "47"
identifier: "2045-IIს"
adopted: "2014-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. უცხოელის საქართველოდან გასვლის ზოგადი მოთხოვნები — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/47

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხოელი საქართველოდან გადის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან, თუკი მას აქვს მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და აქვს ან ჰქონდა საქართველოში ყოფნის ნებართვა.

2. საქართველოდან გასვლისას უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში გადის ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო.

3. უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე.

4. უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა, ვალდებულია საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას.

5. უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს დატოვების შემთხვევაში უცხოელს არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით, თუ მას:
ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) უარი ეთქვა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე ან საერთაშორისო დაცვის მიღებაზე;
გ) შეუწყდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით;
დ) პირობითი მსჯავრის დანიშვნის შემთხვევაში გაუვიდა გამოსაცდელი ვადა ან თავისუფლების აღკვეთის/ადმინისტრაციული პატიმრობის შემთხვევაში მოიხადა სასჯელი/სახდელი.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2278806-utskhoelta-da-mokalakeobis-armkone-pirta-samartlebrivi-mdgomareobis-sh/47-1.md
