---
title: "მუხლი 29. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის ზოგადი ნორმები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/29"
law: "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 23050"
adopted: "2006-12-29"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2026-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის ზოგადი ნორმები — ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2026-01-01.
> Cite as: ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/29

1. თავდაპირველი საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონება დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მის კანო ნიერ მფლობელს, თუ ქონება: ა) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია; ბ) არაკეთილსინდისიერი მფლობელის ხელშია.

2. თუ თავდაპირველ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას ფლობს კეთილსინდისიერი მფლობელი, ეს ქონება შეიძლება დაუბრუნდეს თავდაპირველ მცხოვრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს გადაეცემა ადე კვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება ან, მისი სურვილის შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია.

3. უძრავი ქონების განადგურების, დანგრევის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში თავდაპირველ მცხოვრებს უნდა გადაეცეს შესაბამისი ღირებულების სხვა ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება.

4. თავდაპირველ მცხოვრებს ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების სახით უნდა გადაეცეს ქონების გადაცემის მომენტისათვის იმავე საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონება იმ ადგილას, სადაც განთავსებული იყო ჩამორთმეული ან მიტაცებული უძრავი ქონება. თავდაპირველი მცხოვრების თანხმობით შესაძლებელია სხვა ტიპის უძრავი ქონების გადაცემა.

5. თუ უძრავი ქონება საჭიროებს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, უნდა ანაზღაურდეს ასეთი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება.

6. კომისიის გადაწყვეტილებით ფულადი კომპენსაციის გადახდა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პირისათვის თავდაპირველი საცხოვრებლისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დაბრუნება ან ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების გადაცემა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6958 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/23050-qopil-samkhret-osetis-avtonomiur-olkshi-konpliktis-shedegad-sakartvelo/30.md
