---
title: "მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2"
law: "ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 2330471"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2021-12-22"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები — ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

> Text consolidated as of 2021-12-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2021-12-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/2

1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა;
ბ) მოაწესრიგოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები.

2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას;
ბ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
გ) ხელი შეუწყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას;
დ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება;
ე) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება;
ვ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა და აღდგენა;
ზ) უზრუნველყოს უნიკალური ეკოსისტემებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და დაღუპვისაგან დაცვა;
თ) უზრუნველყოს უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებების – შენარჩუნება;
ი) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და მეურნეობის სხვა დარგების მდგრადი განვითარება;
კ) უზრუნველყოს ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა;
ლ) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნებასა და განვითარებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330471-pshav-khevsuretis-datsuli-teritoriebis-shekmnisa-da-martvis-shesakheb/3.md
