---
title: "მუხლი 7. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებები — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/7"
law: "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 2330479"
adopted: "2014-04-16"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილებები — ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/7

1. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია:
ა) აკვირდება პოტენციური საფრთხის შემცველი სხვადასხვა ქიმიური ნაერთის ბაზარზე მიმოქცევას;
ბ) ახორციელებს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და ანალიზს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით;
გ) საქართველოს მთავრობისათვის შეიმუშავებს წინადადებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის;
დ) აქვეყნებს ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშებს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებული ვითარების თაობაზე.

2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოსახლეობის გარკვეულ წრეებში ზოგიერთი ქიმიური ნაერთის ავად მოხმარება ნარკოტიკული სიმთვრალის გამოსაწვევად ხდებოდა;
ბ) მათი გამოყენებისას, როგორც მეცნიერების, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება მოწმობს, საფრთხე ექმნება მომხმარებლის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან ასეთი საფრთხის გამორიცხვა შეუძლებელია.

3. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების ამ კანონის დანართებში შეტანის ინიციირებისთვის, თუ ცალკეულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით იმავე ღონისძიების განხორციელება ნაკლებად გამოსადეგია მათი გავრცელების აღსაკვეთად და, შესაბამისად, მომხმარებლის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2330479-akhali-psikoaktiuri-nivtierebebis-shesakheb/8.md
