---
title: "მუხლი 6. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელება — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/6"
law: "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ"
article: "6"
identifier: "2391-IIს"
adopted: "2014-05-02"
consolidated_as_of: "2025-04-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელება — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-04-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/6

1. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

2. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი:
ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;
ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;
გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ე) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
ზ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;
ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;
კ)
დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №423 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2339687-diskriminatsiis-qvela-pormis-aghmopkhvris-shesakheb/7.md
