---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/2"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 2342552"
adopted: "2014-04-30"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/2

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს ტერიტორია – საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეული ტერიტორია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი საზღვაო და საჰაერო ხომალდები;
ბ) საქართველოში ცხოვრება – პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ამ კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში;
გ) საქართველოში უწყვეტად ცხოვრება – პირის საქართველოში  ცხოვრება, თუ მას საქართველოს ტერიტორია წლის განმავლობაში ჯამში 90 დღეზე მეტი ვადით (ამ ვადაში არ ითვლება საქართველოს ტერიტორიის დატოვება სწავლის მიზნით 2 წლამდე ვადით და მკურნალობის მიზნით) არ დაუტოვებია. ამ კანონის მიზნებისათვის წელი ნიშნავს პერიოდს, რომელიც შედგება უწყვეტი 365 დღისაგან (ნაკიანი წელიწადის შემთხვევაში – 366 დღისაგან);
დ) მოქალაქეობის შეცვლა – საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა, ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი;
ვ) უცნობი მშობელი – მშობელი, რომლის ვინაობა ან/და მოქალაქეობრივი კუთვნილება უცნობია;
ზ) საქართველოს საპატიო მოქალაქეობა – საქართველოსთან უცხოელის კავშირი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს;
თ) მხარდაჭერის მიმღები −
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული
პირები;
ი) ოჯახის წევრი − საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, საქართველოს მოქალაქის ან უცხოელის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი;
კ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობის წარმომადგენელი.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2342552-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/3.md
