---
title: "მუხლი 5. პაციენტის ძირითადი უფლებები — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/5"
law: "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ"
article: "5"
identifier: "3451"
adopted: "2006-07-14"
consolidated_as_of: "2026-04-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. პაციენტის ძირითადი უფლებები — ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/5

1. პაციენტს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ჰუმანური მოპყრობით, რომელიც გამორიცხავს მისი ღირსების შემლახავ ყოველგვარ მოქმედებას; ბ) ისარგებლოს შესაბამისი მკურნალობით აუცილებელი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პირობების მინიმალური შეზღუდვით და იმ მეთოდებით, რომლებიც დაამტკიცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, შეძლებისდაგვარად თავის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს; გ) მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია თავისი დაავადების და განზრახული ფსიქიატრიული დახმარების შესახებ; თუ პაციენტს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ინფორმაცია მიეწოდება პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს; დ) გაეცნოს მის შესახებ არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციას; ექიმი განსაზღვრავს პაციენტისა და მესამე პირისათვის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის მიწოდების მოცულობასა და ფორმას; ე) უარი თქვას მკურნალობის ჩატარებაზე; ეს უფლება იზღუდება ამ კანონის მე-16, მე-18 და 22 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ პაციენტის ასაკი 16 წელს არ აღემატება, მკურნალობის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – პაციენტის ნათესავს (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით); ვ) ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტის დამცველთან შეხვედრა მესამე პირის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას; ზ) შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში; თ) მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში; თ 1 ) მონაწილეობა მიიღოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, გარდა იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისა, რომელთა მიმართაც მხარდაჭერის მიმღებ პაციენტს სასამართლომ მხარდაჭერა დაუწესა; ი) მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება არაფსიქიატრიული პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში; კ) ისარგებლოს სოციალური დაცვით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) ისარგებლოს სანატორიული და საკურორტო მომსახურებით; მ) მიიღოს განათლება, გაიაროს პროფესიული მომზადება და გადამზადება; ნ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით.

2. პაციენტის დამცველს ან/და კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს გაეცნოს პაციენტის შესახებ არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დოკუმენტაციას და მოითხოვოს მისი ასლები; სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის, აგრეთვე მისი ასლების მიღების შესახებ მოთხოვნა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას წარედგინება წერილობით. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი,  31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი,  11.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24178-psikikuri-janmrtelobis-shesakheb/6.md
