---
title: "მუხლი 137. საქონლის გადამუშავების ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/137"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "137"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 137. საქონლის გადამუშავების ვადები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 137 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/137

1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

2. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანად.

3. წინასწარ განსაზღვრული ვადა დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად, არა უმეტეს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადისა.

4. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად გატანისას – ამ საბაჟო რეჟიმში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული განსაზღვრული მოქმედებისათვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისათვის დაადგინოს კონკრეტული ვადები.

6. გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საქონლის გადამუშავების ვადის დარღვევით ან გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოუტანლობა, გარდა ამ კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ჩაითვლება რეჟიმის პირობების დარღვევად და გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/136.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/138.md
