---
title: "მუხლი 150. თავისუფალი ზონის შექმნა და თავისუფალი საწყობის მოწყობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/150"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "150"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. თავისუფალი ზონის შექმნა და თავისუფალი საწყობის მოწყობა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 150 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/150

1. თავისუფალი ზონის შექმნა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა) წინასწარ განსაზღვრული ვადით.

2. დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი გარანტიის წარდგენის საფუძველზე თავისუფალი ზონის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

3. თავისუფალი ზონა უნდა იყოს შემოსაზღვრული და შესაბამისად მონიშნული. თავისუფალ ზონაში უნდა განისაზღვროს შესასვლელი და გამოსასვლელი ადგილები, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის სხვა ადგილებიდან შეტანა ან გატანა, და პერიმეტრის ზღუდე.

4. თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობას, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებს, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით.

5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვას 5 წლის ვადით გასცემს შემოსავლების სამსახური. თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პირობების გარდა, საჭიროა:
ა) თავისუფალი საწყობი აკმაყოფილებდეს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თავისუფალი საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით;
ბ) ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში ან არანაკლებ 5 წლის ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულებით მის მფლობელობაში არსებობდეს თავისუფალი საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა;
გ) წარდგენილ იქნეს საბაჟო გარანტია, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავისუფალი საწყობის საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ პირველად წარდგენილი საბაჟო გარანტიის მოქმედების ვადა გადის, იგი ახლით უნდა შეიცვალოს;
დ) ნებართვის მაძიებელს არ ჰქონდეს საგადასახადო ან/და საბაჟო დავალიანება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5916 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.36
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/151.md
