---
title: "მუხლი 166. საქონლის რეექსპორტი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/166"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "166"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 166. საქონლის რეექსპორტი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 166 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/166

1. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით, იმ საბაჟო რეჟიმისათვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.

2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია ხორციელდება საბაჟო ორგანოს წინასწარი შეტყობინებით. თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის (ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) რეექსპორტი, საბაჟო ორგანოს წარედგინება საბაჟო დეკლარაცია.

4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი, რომელსაც დადგენილია, რომ აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკურ გარიგებას და ამ მიზეზით იგი უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, შესაძლებელია რეექსპორტირებულ იქნეს, თუ იგი:
ა) არ გამოიყენებოდა და მისი გადამუშავება არ განხორციელებულა საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გამოყენება დაკავშირებული იყო დეფექტის ან სხვა გარემოებების აღმოჩენასთან, რამაც გამოიწვია საქონლის დაბრუნება;
ბ) შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს საბაჟო ორგანოს მიერ;
გ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში გატანილ იქნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა.

6. საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/165.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/167.md
