---
title: "მუხლი 167. საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/167"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "167"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 167. საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 167 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/167

1. საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით უცხოური საქონელი შეიძლება განადგურდეს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, რისთვისაც საქონლის მესაკუთრე ან/და მფლობელი (მათ შორის, საბაჟო საწყობის მფლობელი) საბაჟო ორგანოს წარუდგენს წერილობით შუამდგომლობას და ახორციელებს ზოგად დეკლარირებას. იმისათვის, რომ საქონლის განადგურებამ მნიშვნელოვანი ზიანი არ მიაყენოს გარემოს ან/და პირდაპირი ან პოტენციური საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საქონლის განადგურება დასაშვებია მხოლოდ გარემოს დაცვის ორგანოებთან შეთანხმებით.

2. არ შეიძლება განადგურდეს:
ა) კულტურული ფასეულობები;
ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ საქონლის განადგურება ხდება მხოლოდ განმცხადებლის (საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის) ხარჯით. განადგურების შედეგად მიღებული ნებისმიერი ნარჩენის ან ჯართის მიმართ გამოიყენება საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაცია. ნარჩენი ან ჯართი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულ მოქმედებათა განხორციელებამდე.

4. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/166.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/168.md
