---
title: "მუხლი 171. დაბრუნებული საქონლის დაბეგვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/171"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "171"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 171. დაბრუნებული საქონლის დაბეგვრა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 171 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/171

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში, ხოლო საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – გადამუშავების ვადის გასვლამდე უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).

2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებსა და დეკლარანტის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა გააგრძელოს ერთი კალენდარული წლით.

3. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე იგი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაბრუნებული საქონელი შემოტანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცვლელ მდგომარეობაში და იმავე მიზნით.

4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელი სხვა მიზნითაა შემოტანილი, ამ საქონლის იმპორტის გადასახდელების ოდენობა უნდა შემცირდეს იმ ოდენობით, რომელიც გადახდილი იყო თავისუფალ მიმოქცევაში საქონლის პირველად გაშვებისას.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან არ თავისუფლდება საქონელი:
ა) რომელიც გატანილი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საქონლის მდგომარეობა არ შეიცვალა მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შემდეგ;
ბ) რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ტარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები.

6. ამ მუხლით განსაზღვრული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებულია იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იგი იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/170.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/172.md
