---
title: "მუხლი 190. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის მოხმარებისას ან გამოყენებისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/190"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "190"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 190. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქონლის მოხმარებისას ან გამოყენებისას — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 190 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/190

1. იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში იმპორტის გადასახდელების გადახდას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისაგან განსხვავებულად მოხმარების ან გამოყენების დროს. თუ საქონელი დაიკარგა, საქონლის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის დაკარგვის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევებში საქონელი ჩაითვლება თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისაგან განსხვავებულად მოხმარებულად ან გამოყენებულად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში დაიწყება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებისაგან განსხვავებულად საქონლის მოხმარება ან გამოყენება.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირი არის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელმაც მოიხმარა ან გამოიყენა საქონელი.

4. თუ საბაჟო ორგანო დაკარგულ საქონელს ჩათვლის თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში მოხმარებულ ან გამოყენებულ საქონლად და შეუძლებელია ამ მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება, საბაჟო გადასახდელების გადახდა დაეკისრება პირს, რომელიც საბაჟო ორგანოს ინფორმაციით იყო ამ საქონლის ბოლო მფლობელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/189.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/191.md
