---
title: "მუხლი 20. საბაჟო კონტროლის ზონა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/20"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "20"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საბაჟო კონტროლის ზონა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 20 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/20

1. საბაჟო კონტროლის ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საბაჟო კონტროლის ყველა ღონისძიება.

2. საბაჟო კონტროლის ზონა მოიცავს საერთაშორისო მიმოსვლისათვის ღია სასაზღვრო პუნქტებს, ტერიტორიულ წყლებს, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილსა და საბაჟო საწყობებს, აგრეთვე ხმელეთის, შიდა წყლებისა და შენობა-ნაგებობის ნებისმიერ ტერიტორიას, რომელიც საბაჟო პროცედურების მუდმივი ან დროებითი განხორციელებისათვის გამოყო საბაჟო ორგანომ მესაკუთრესთან ან კანონიერ მფლობელთან შეთანხმებით, თუ მესაკუთრე არ არის მფლობელი.

3. საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო პროცედურების განხორციელების ზუსტ ადგილს განსაზღვრავს საბაჟო ორგანო.

4. საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო პროცედურების განხორციელებამდე საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა. საბაჟო კონტროლის ზონაში ეკონომიკური საქმიანობა, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების გადაადგილება დაიშვება მხოლოდ საბაჟო ორგანოს თანხმობითა და კონტროლით, გარდა საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო პუნქტებისა. ასეთ შემთხვევებში საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო პუნქტების საბაჟო კონტროლის ზონაში შესვლის, გადაადგილების, ზონის დატოვების წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

5. საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტები დაიშვებიან მხოლოდ ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.

6. საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესი და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
კარი II
საქართველოს საბაჟო ორგანოები
თავი III
საქართველოს საბაჟო ორგანოები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/21.md
