---
title: "მუხლი 203. საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/203"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "203"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 203. საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 203 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/203

1. საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა გულისხმობს საბაჟო ორგანოში კონკრეტული პერიოდისათვის ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთანავე, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა.

2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს თითოეული ვალდებული პირის კუთვნილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დარიცხვა საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, შემდეგი ერთი ან ერთზე მეტი ინფორმაციის საფუძველზე:
ა) ვალდებული პირის საბაჟო დეკლარაცია;
ბ) შემოწმების მასალები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ცნობილია საბაჟო ორგანოსათვის.

3. თუ დეკლარანტი არ წარმოადგენს საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება.

4. თუ საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის გადახდა საბაჟო დეკლარაციის წარდგენასთან ერთად, აგრეთვე თუ საბაჟო ორგანო დაასკვნის, რომ ადრინდელი დარიცხვა შეცდომით განხორციელდა, საბაჟო ორგანომ საბაჟო გადასახდელები ან/და საბაჟო სანქციის თანხა უნდა დაარიცხოს ვალდებულ პირს და გაუგზავნოს მას შეტყობინება.

5. თუ საბაჟო გადასახდელის გადახდევინება დაკავშირებულია საბაჟო დეკლარაციის შევსებასთან, გადასახდელის გადახდის ვალდებულებათა ამსახველი დეკლარაციის შევსება განიხილება, როგორც:
ა) ამ გადასახდელის დარიცხვა;
ბ) შეტყობინება და საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესასრულებული ვალდებულება.

6. ვალდებული პირის მიერ გადასახდელი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის დარიცხული და გადახდილი თანხების აღრიცხვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/202.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/204.md
