---
title: "მუხლი 212. ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებანი საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/212"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "212"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 212. ბანკებისა და სხვა ორგანიზაციების ვალდებულებანი საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 212 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/212

1. ბანკები და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებული არიან, უპირველეს ყოვლისა, შეასრულონ ვალდებული პირის საგადახდო დავალებები და საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებები (საინკასო დავალებები) ვალდებული პირის საბანკო ანგარიშებიდან საბაჟო გადასახდელების გადახდის შესახებ.

2. ბანკების მიერ საგადახდო დავალება ან საინკასო დავალება სრულდება არა უგვიანეს აღნიშნული დავალების ან გადაწყვეტილების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საინკასო დავალების მომსახურება ხორციელდება ვალდებული პირის ხარჯით იმავე ფასად, რომლითაც მისი საგადახდო დავალების შესრულება.

3. ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ბანკს უფლება არა აქვს შეაფერხოს ვალდებული პირის საგადახდო დავალება ან საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელის ჩარიცხვის თაობაზე. თუ ვალდებულ პირს ანგარიშზე არ აქვს ფულადი სახსრები ან ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები არასაკმარისია საგადახდო დავალების ან/და საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი აღსრულება ხორციელდება ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესაბამისად, არა უგვიანეს ყოველი ასეთი ჩარიცხვის დღის მომდევნო საოპერაციო დღისა.

4. ვალდებული პირის ანგარიშზე ფულადი სახსრების არსებობისას ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერისა და ბიუჯეტში მათი გადარიცხვის თაობაზე ვალდებული პირის საგადახდო დავალების ან საბაჟო ორგანოს საინკასო დავალების დროულად შეუსრულებლობისათვის ბანკს დაერიცხება საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში ვალდებულ პირს სანქცია არ დაეკისრება.

5. ვალდებული პირის მომსახურე ბანკის მიერ ან ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ გადასახდელი თანხების ბიუჯეტში ჩარიცხვის ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევა წარმოადგენს ბანკისა და ცალკეულ სახეობათა საბანკო ოპერაციების შემსრულებელი ორგანიზაციების ან/და მათი თანამდებობის პირების საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისგებაში ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული წესით მიცემის საფუძველს.
თავი XXIX
საბაჟო ვალდებულების შესრულების პირობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/211.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/213.md
