---
title: "მუხლი 235. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/235"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "235"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 235. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 235 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/235

1. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ საბაჟო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება, თუ სამართალდარღვევა დაფიქსირებულია შემოწმების აქტში ან ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
გ) ოქმის შემდგენის, აგრეთვე იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა;
დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება (არსებობის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
ე) საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი;
ვ) ამ კოდექსის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ზ) მოწმის გვარი, სახელი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში);
თ) საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველყოფის ღონისძიებები (ასეთის გამოყენების შემთხვევაში);
ი) ოქმის შემდგენის, სამართალდამრღვევი პირის (მისი წარმომადგენელის), აგრეთვე საქმის წარმოების სხვა მონაწილეთა ხელმოწერები.

4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების მონაწილე ყველა პირს. მათ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში.

5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევ პირს. თუ სამართალდამრღვევი პირი ხელს არ აწერს ოქმს, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6. თუ პირი სადავოდ არ ხდის ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნულს ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ხოლო სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ადგილზე მხოლოდ ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საბაჟო შეტყობინებად.

7. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს:
ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამისი საბაჟო ორგანოს კომპეტენციას;
ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;
გ) შედგენილია თუ არა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი კანონის შესაბამისად;
დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევა;
ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.

9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის ვადაში (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქმის მასალებზე დაყრდნობით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება შესაბამისი გადაწყვეტილებით/შეტყობინებით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 30 დღის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება/ შეტყობინება ბათილია.

10. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით, ხოლო პირის მიმართ საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

11. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრული ღონისძიებები. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

12. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და განხილვა, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

13. თუ 30 დღის ვადაში შეუძლებელია სამართალდამრღვევის დადგენა ან/და პირის იდენტიფიკაცია, უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის შესახებ.

14. უსასყიდლოდ ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

15. ამ მუხლის პირველი–მე-11 ნაწილები არ ვრცელდება ამ კოდექსის 237-ე მუხლზე. ამ კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების გადახდევინება ხორციელდება გადაუხდელი საბაჟო გადასახდელების გადახდევინების წესის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/234.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/236.md
