---
title: "მუხლი 242. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/242"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "242"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 242. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 242 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/242

1. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 4 000 ლარისა, აგრეთვე ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ან/და საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვას 1 წლის ვადით.

3. პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას 2000 ლარით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სანქციის სახით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის გამოყენებისას სამართალდამრღვევს ეკრძალება იმ ქვეყანასთან საქართველოს სახმელეთო საბაჟო საზღვრის გადაკვეთა, რომლიდანაც იგი ახორციელებდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანას. აღნიშნული სანქციის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევს მიეცემა საქართველოს სახმელეთო საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლება, თუ იგი საბაჟო ორგანოს წარუდგენს 5 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უთანაბრდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის ვადას (ვადის დარჩენილ ნაწილს). საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს ამავე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო საბანკო გარანტიის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3881 - სსმ I, №69, 15.12.2010წ., მუხ.422

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/241.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/243.md
