---
title: "მუხლი 32. გარიგების ფასის მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/32"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "32"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. გარიგების ფასის მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 32 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/32

1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება არის გარიგების ფასი, ანუ საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი (ამ კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით), თუ:
ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც:
ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება საქართველოს კანონმდებლობით;
ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა;
ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე;
ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომლის შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი;
გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ კოდექსის 38-ე მუხლის დებულებების მიხედვით;
დ) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, გარიგების ფასის მიღების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით.

2. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, მხოლოდ ეს ფაქტი, ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ არის გარიგების ფასის მიუღებლობის საკმარისი საფუძველი. ასეთ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი მიიღება იმ პირობით, რომ ამ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე, და საქონლის გარიგების ფასი ჩაითვლება საქონლის საბაჟო ღირებულებად. თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ან რაიმე სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბაჟო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საბაჟო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს, რომლებზედაც დეკლარანტს უფლება აქვს, წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება. დეკლარანტის მოთხოვნით საბაჟო ორგანო თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს წერილობით აფორმებს და წარუდგენს დეკლარანტს.

3. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის გარიგების ფასი მიიღება იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად, თუკი დეკლარანტი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან:
ა) იმპორტირებული იდენტური საქონლის ან იმპორტირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა მიჰყიდა არაურთიერთდამოკიდებულ პირს (მყიდველს);
ბ) ამ კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური საქონლის ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;
გ) ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური საქონლის ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ღირებულება გამოიყენება მხოლოდ დეკლარანტის სურვილით და მხოლოდ შედარებისათვის. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ დონეებს შორის, რაოდენობრივ დონეებს შორის, ამ კოდექსის 38-ე მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

5. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი არის მთლიანი თანხა, რომელიც გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს მყიდველმა გამყიდველს ან გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ. იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ისე ირიბს, რომელიც არის საქონლის გაყიდვის პირობა, გადახდილი მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ან გამყიდველის მოთხოვნით მესამე პირისათვის. შესაძლებელია გადახდა აკრედიტივით ან თავისუფლად ბრუნვადი ფასიანი ქაღალდებით, პირდაპირ ან ირიბად.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/33.md
