---
title: "მუხლი 33. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/33"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "33"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 33 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/33

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ კოდექსის 32-ე მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაიყიდა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:
ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც იმპორტირებული საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საბაჟოს ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია იმპორტირებული საქონლისა და მისი იდენტური საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებებსა და გადაზიდვის მანძილს შორის განსხვავებით, დაშვებულია კორექტირება.

4. თუ გამოვლინდა იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის კორექტირების საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს უმცირესი ღირებულება.

5. ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს“ ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 დღეს (ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ). ცალკეული სახის საქონლისათვის, რომლის ფასი მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის დროის მცირე მონაკვეთში, განსხვავებული, შემცირებული ვადა დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/34.md
