---
title: "მუხლი 36. შედგენილი ღირებულების მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/36"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "36"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. შედგენილი ღირებულების მეთოდი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 36 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/36

1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;
ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;
გ) ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:
ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარჯებს;
ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებელმა გასწია.

3. თუ საქონლის შედგენილი ღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნება სხვა ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მოწოდებულია მწარმოებლის მიერ ან მისი სახელით, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა აცნობოს ამ ინფორმაციის წყაროს გამოყენებული მონაცემების და ამ მონაცემებზე დაფუძნებული გამოთვლების შესახებ ამ კოდექსის 41-ე მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/37.md
