---
title: "მუხლი 38. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/38"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "38"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 38 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/38

1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში:
ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა („შესყიდვის საკომისიო ხარჯები“ – საკომისიოები, რომლებიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ);
ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც საბაჟო მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით მისი ღირებულება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე;
გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ღირებულების ჩათვლით.

2. თუ მყიდველის მიერ საქონელი ან მომსახურება გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:
ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;
ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები;
გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც ჩართული უნდა იქნეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში, და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.

5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.

6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებული საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება;
ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

8. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იქნეს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;
გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეული იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ;
დ) საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან;
ე) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ:
ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან;
ე.ბ) საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით;
ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი;
ვ) იმპორტირებული საქონლის საქართველოში წარმოების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები;
ზ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები, თუ ეს არ არის საქონლის საქართველოში ექსპორტირებისათვის გაყიდვის პირობა.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/39.md
