---
title: "მუხლი 45. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/45"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "45"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 45 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/45

1. პირი, რომელსაც საქონელი შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი დადგენილი წესით მიიტანოს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე.

2. პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემდგომი ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულება.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულება არ გამორიცხავს მგზავრთა გადაადგილების ან საფოსტო გზავნილების შემოტანის მიმართ ნებისმიერი მოქმედი დებულების გამოყენებას, თუ ამით არ შეიზღუდება საბაჟო ზედამხედველობის ან საბაჟო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობები.

4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის დანიშნულების ქვეყანა არ არის საქართველო და რომელიც გადაიზიდება:
ა) საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც კვეთს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ან საჰაერო სივრცეს;
ბ) მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით.

5. სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესი, ვადა და საბაჟო მარშრუტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

6. სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გახსნა, სამუშაო დრო და მისი გავლით შემოსატანი საქონლის სახეობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს დაიშვება საქონლის შემომტანი პირის განცხადების საფუძველზე, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

8. სახელმწიფო არ ანაზღაურებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის მიერ ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1911 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.221

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/46.md
