---
title: "მუხლი 50. ზოგადი დეკლარირების ფორმები და მისი წარმდგენი პირი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/50"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "50"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 50. ზოგადი დეკლარირების ფორმები და მისი წარმდგენი პირი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 50 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/50

1. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიკაციისათვის.

2. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს პირი:
ა) რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა საქონელი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე, ან რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანს საქონელს ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღებს პასუხისმგებლობას მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე;
ბ) რომლის სახელითაც მოქმედებენ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები.

3. საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დანიშნულების ნავსადგურში ან აეროპორტში ჩასვლისას ან ჩასვლამდე, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლის შემთხვევაში – იმ საბაჟო ტერიტორიის ნავსადგურში ან აეროპორტში, საიდანაც ისინი გადიან ან გათვალისწინებულია მათი გასვლა.

4. ცარიელ და მგზავრთა გადამყვან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებზე ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას.

5. ზოგადი დეკლარირების საფუძველზე, აგრეთვე საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებისას საბაჟო ორგანო გამოწერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის დოკუმენტს (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). საბაჟო კონტროლის დოკუმენტის ფორმა, მისი შევსებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესები და ამ დოკუმენტის წარდგენის შემთხვევები დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

6. ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით, საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენისას ან საქონლის შემოტანამდე. ზოგადი დეკლარირების ფორმები, დეკლარირების ვადა, დეკლარირებისა და დეკლარირებული მონაცემების შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

7. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას ზოგადი დეკლარირება არ ხორციელდება.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/49.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/51.md
