---
title: "მუხლი 63. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან ან საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანასთან დაკავშირებული ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, აკრძალვები ან/და შეზღუდვები — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/63"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "63"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან ან საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანასთან დაკავშირებული ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, აკრძალვები ან/და შეზღუდვები — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 63 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/63

1. საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები ან/და აკრძალვები.

2. საქონლის მიერ, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა აკრძალულია, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი საბაჟო ტერიტორიიდან, თუ ამ კოდექსით ან სხვა საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შეუძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ამ საქონლის დაუყოვნებლივ გატანა, იგი დროებით უნდა დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან უნდა მოთავსდეს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის სხვა ზონაში. ამგვარი საქონლის გატანის ვალდებულება და დროებითი შენახვის ხარჯები სოლიდარულად ეკისრებათ საქონლის მიმღებსა და საქონლის მფლობელს. ასეთ შემთხვევაში დროებითი შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 კალენდარულ დღეს, რომლის გასვლის შემდეგაც საქონლის განკარგვა მოხდება ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამისი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამინისტროების ერთობლივი ბრძანებით შეიძლება განისაზღვრონ ის სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, რომელთა გავლითაც არ უნდა მოხდეს სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ტექნიკური სტანდარტებისადმი შესაბამისობისა და ხარისხის ან/და სხვა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

4. სახელმწიფო არ ანაზღაურებს ამ მუხლით გათვალისწინებული აკრძალვების ან/და შეზღუდვების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

5. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაზე ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემის უფლებამოსილება ენიჭება შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307
საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64.md
