---
title: "მუხლი 64. საბაჟო კონტროლის განხორციელება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "64"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. საბაჟო კონტროლის განხორციელება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 64 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64

1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ არის აკრძალული.

2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვები ან/და ლიცენზიები, რომლებიც სავალდებულოა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისათვის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისათვის, წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურების განხორციელებისას.

3. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მოიწვიოს ექსპერტი. ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. საბაჟო კონტროლის განხორციელებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ზიანი არ უნდა მიაყენოს შესამოწმებელ საქონელსა და გარემოს. საბაჟო კონტროლი ხორციელდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

5. საბაჟო საწყობში, თავისუფალ ზონაში, თავისუფალ საწყობში, უბაჟო ვაჭრობის პუნქტში, საფოსტო მომსახურების ადგილზე, ნავსადგურში, აეროპორტსა და რკინიგზის სადგურში საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, შენობა-ნაგებობის ან ფართობის მესაკუთრისაგან ან მფლობელისაგან (თუ მესაკუთრე არ არის მფლობელი) უსასყიდლო სარგებლობისათვის მოითხოვოს და მიიღოს საჭირო შენობა-ნაგებობა ან ფართობი, რომელთა ნორმები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

6. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დეკლარანტი ვალდებულია, საქონლის ოდენობა განსაზღვროს საკუთარი ხარჯებით.

7. საბაჟო კონტროლი ხორციელდება რისკების განსაზღვრის, ანალიზის, მართვის, მონიტორინგისა და პრიორიტეტების საფუძველზე.

8. საბაჟო კონტროლის განხორციელებისას გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/64-1.md
