---
title: "მუხლი 75. საქონლის დათვალიერება და სინჯის ან/და ნიმუშის აღება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/75"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "75"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. საქონლის დათვალიერება და სინჯის ან/და ნიმუშის აღება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 75 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/75

1. საქონლის დათვალიერების ადგილი და დრო განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. დეკლარანტის წერილობითი განაცხადის საფუძველზე საქონლის დათვალიერება შეიძლება მოხდეს სხვა ადგილზე და დროს. შესაბამის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი.

2. დეკლარანტი ვალდებულია, საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისათვის განკუთვნილ ადგილზე მიიტანოს საქონელი ან საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელოს საქონლის მიტანისათვის, მისი დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისათვის საჭირო მოქმედებების ორგანიზება. თუ დეკლარანტი უარს აცხადებს ამ მოქმედებების შესრულებაზე, მათ ახორციელებს საბაჟო ორგანო დეკლარანტის ხარჯებით.

3. დეკლარანტი უფლებამოსილია, დაესწროს საქონლის დათვალიერებასა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას. საქონლის დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისათვის დახმარების გაწევის მიზნით, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია, დაესწროს საქონლის დათვალიერებასა და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.

4. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხდება დეკლარანტის ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს დეკლარანტი.

5. თუ სინჯის ან/და ნიმუშის აღება ხდება საბაჟო ორგანოს ინიციატივით, ჩატარებული ანალიზის ან გამოკვლევის ხარჯებს აანაზღაურებს საბაჟო ორგანო. ამასთანავე, საბაჟო ორგანო ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სინჯის ან/და ნიმუშის აღებით გამოწვეული დანაკლისი. აღებული სინჯის ან/და ნიმუშის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ანალიზისათვის ან გამოკვლევისათვის საჭირო რაოდენობას.

6. საბაჟო ორგანო ვალდებულია, ანალიზის ან გამოკვლევის შედეგები ფოსტით ან ელექტრონული ფორმით აცნობოს დეკლარანტს. მოთხოვნის შემთხვევაში დეკლარანტს უბრუნდება გამოუყენებელი სინჯი ან/და ნიმუში ან მისი ნარჩენები.

7. საქონლის დათვალიერებისას და სინჯის ან/და ნიმუშის აღებისას განსახორციელებელი საბაჟო პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/76.md
