---
title: "მუხლი 78. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/78"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "78"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/78

1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გააჩეროს და დაათვალიეროს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება.

2. საქონლის სახით იმ სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და მისი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმება, რომელიც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით შემოდის საქართველოში და რომლის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სამსახური, შეიძლება განხორციელდეს ამავე დაწესებულების სპეციალისტების მონაწილეობით, საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

3. სასაზღვრო გამტარი პუნქტით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება ვალდებულია, გაჩერდეს საზღვართან არსებულ საბაჟო ორგანოში, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში გაუჩერებლად მკაცრად განსაზღვრული საბაჟო მარშრუტით გაემართოს დანიშნულების საბაჟო ორგანომდე. სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შესახებ შესაძლო უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობოს უახლოეს საბაჟო ორგანოს.

4. ნავსადგურის, რკინიგზის სადგურისა და აეროპორტის უფლებამოსილი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, საბაჟო ორგანოს აცნობონ თითოეული სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის ან/და გასვლის შესახებ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაუშვან შემოსატანი ან/და გასატანი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/79.md
