---
title: "მუხლი 80. მგზავრის დათვალიერება და შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/80"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "80"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 80. მგზავრის დათვალიერება და შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 80 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/80

1. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი, საბაჟო კონტროლის ზონაში მყოფი მგზავრი სხეულზე ან სხეულში მალავს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით ხდება მგზავრის დათვალიერება. თუ მგზავრს აღმოაჩნდება არადეკლარირებული ნივთი, მისი მოქმედება ჩაითვლება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადაადგილებად.

2. მგზავრის დათვალიერებას ახორციელებს საბაჟო ორგანოს იმავე სქესის უფლებამოსილი პირი ცალკე ამისთვის განსაზღვრულ ადგილას და იმავე სქესის მოწმის თანდასწრებით. შესამოწმებელი მგზავრის მოთხოვნით მის დათვალიერებას უნდა დაესწროს მოწმე, რომელსაც თვითონ აირჩევს იქ მყოფთაგან.

3. მგზავრის შემოწმებამდე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, წარუდგინოს მას თანამდებობრივი მოწმობა და გააცნოს მგზავრის დათვალიერების წესები.

4. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს მგზავრი დათვალიერებით;
ბ) სხეულის შიდა ორგანოების დათვალიერების მიზნით გააგზავნოს მგზავრი სამედიცინო დაწესებულებაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან ერთად, თუ მას აქვს ეჭვი, რომ მგზავრი სხეულის შიდა ორგანოებში მალავს საქონელს.

5. წარმოშობილ ეჭვთან დაკავშირებით მგზავრი ვალდებულია, ზუსტად უპასუხოს დასმულ კითხვებს და დამალული საქონლის აღმოსაჩენად შეასრულოს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნები; წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში საბაჟო ორგანომ უნდა იმოქმედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. უცხო ქვეყნის მგზავრი უფლებამოსილია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/79.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/81.md
