---
title: "მუხლი 83. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/83"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "83"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 83 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/83

1. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) შტამპები, ბეჭდები და ნიშანდების სხვა საშუალებები, რომლებსაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადებს საქონელს, სატრანსპორტო საშუალებას ან შენობა-ნაგებობას მათი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით. თითოეულ ობიექტზე შეიძლება საბაჟო იდენტიფიკაციის რამდენიმე საშუალების (ნიშნის) დადება.

2. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის ან მათში მოთავსებული საქონლის ხელშეუხებლობასა და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი. აკრძალულია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) მოხსნა/მოცილება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა ამ კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოშობილი აუცილებლობისას სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.

3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, აღიაროს საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლითაც ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა საქონლის გამგზავნის, გადამზიდველის ან დეკლარანტის ანდა სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებები ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).

4. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს დაინტერესებული პირის დასწრება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დადებისას ან/და მოხსნისას/მოცილებისას.

5. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სპეციალურ დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში გააკეთოს აღნიშვნა თავის მიერ დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) შესახებ.

6. სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს დაზიანებული ან დაკარგული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) თაობაზე და ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის გატეხვის კვალის ან სხვა რაიმე დაზიანების აღმოჩენის შესახებ.

7. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/84.md
