---
title: "მუხლი 87. საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/87"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "87"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვა — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 87 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/87

1. ამ მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიება (მათ შორის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, რეალიზაცია, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ განადგურება ან უსასყიდლოდ გადაცემა) განხორციელდება იმ საქონლის მიმართ:
ა) რომლის გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში საბაჟო პროცედურების განხორციელება (საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახის განსაზღვრა) ან არ იქნა გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელები ან/და არ იქნა წარდგენილი საგარანტიო უზრუნველყოფა;
ბ) რომლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;
გ) რომელიც გაშვებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში დატოვება გარკვეული ვადით.

2. საბაჟო ორგანო წერილობით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/88.md
