---
title: "მუხლი 9. საბაჟო გადაწყვეტილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/9"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "9"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საბაჟო გადაწყვეტილება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 9 (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/9

1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას საბაჟო ორგანო საკუთარი ინიციატივით ან პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი ან ზეპირი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე იღებს საბაჟო გადაწყვეტილებას.

2. პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მიღებული უნდა იქნეს წერილობითი საბაჟო გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. წერილობით საბაჟო გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს დასახელება და მისამართი;
ბ) გადაწყვეტილების სახელწოდება, ნომერი და მიღების თარიღი;
გ) იმ პირის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისამართი), რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება;
დ) გადაწყვეტილების მიღების საფუძველი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის აქტის ნორმებზე მითითებით;
ე) გადაწყვეტილების შინაარსი;
ვ) საბაჟო სანქციები, რომლებიც გამოიყენება ამ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ზ) გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი;
თ) გადაწყვეტილების მიმღები საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა.

4. საბაჟო გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/9-1.md
