---
title: "მუხლი 92¹¹. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტი — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-11"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92^11"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92¹¹. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტი — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92¹¹ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-11

1. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი (დასახლებული პუნქტის დასახელება);
ბ) შემმოწმებელ პირთა ვინაობა და თანამდებობა;
გ) შემოწმების ფორმალური საფუძველი (საბაჟო ორგანოს უფროსის/მისი მოადგილის ბრძანება ან მოსამართლის ბრძანება (თარიღი და ნომერი));
დ) შემოწმების ვადა და პროგრამა;
ე) შესამოწმებელი სუბიექტის ვინაობა (დასახელება), საიდენტიფიკაციო ნომერი, სასამართლო და საგადასახადო რეგისტრაციის თარიღები და ნომრები, სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);
ვ) შესამოწმებელი სუბიექტისათვის მისი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განმარტებითი ბარათის ჩაბარების ფაქტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას);
ზ) შესამოწმებელი სუბიექტის მხრიდან შემოწმებაში მონაწილე პირთა (დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი და სხვა) ვინაობა და თანამდებობა (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას);
თ) შემოწმების ფაქტობრივი საფუძვლები და მათი დასაბუთება;
ი) შემოწმების შედეგები შემოწმების პროგრამის თითოეული პუნქტის მიხედვით – დეკლარანტის მიმართ არასატარიფო ღონისძიებების დაცვის მოთხოვნებისა და საბაჟო ვალდებულებების წარმოშობის ზუსტი თარიღები (თუ ამის დადგენა შესაძლებელია), გადასახადის ოდენობა, საურავებისა და ჯარიმების გაანგარიშება, ჯამურად გადასახდელი ან მისაღები თანხა, იმ დოკუმენტების რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში – ასლები), რომლებითაც დასტურდება ამ მოთხოვნებისა და ვალდებულებების წარმოშობა; აქტის დანართების შინაარსი;
კ) ის საკითხები, რომლებსაც არ ეთანხმება დეკლარანტი (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას);
ლ) მთლიანად გადასახდელი ან მისაღები თანხა – ძირითადი ვალდებულება, ჯარიმა, საურავი.

2. კამერალური ან გასვლითი საბაჟო შემოწმების აქტს ხელს აწერენ:
ა) საბაჟო ორგანოს მხრიდან – საბაჟო შემოწმების ჯგუფის წევრები;
ბ) დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხრიდან – დირექტორი (ხელმძღვანელი), ბუღალტერი, აუდიტორი, ადვოკატი, თუ ისინი მონაწილეობდნენ შემოწმებაში. თუ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მხარემ უარი განაცხადა ხელის მოწერაზე (გასვლითი საბაჟო შემოწმებისას), აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

3. თუ საბაჟო შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-12.md
