---
title: "მუხლი 92³. კამერალური საბაჟო შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-3"
law: "საქართველოს საბაჟო კოდექსი"
article: "92^3"
identifier: "3545"
adopted: "2006-07-25"
consolidated_as_of: "2010-12-07"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2011-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 92³. კამერალური საბაჟო შემოწმება — საქართველოს საბაჟო კოდექსი

> Text consolidated as of 2010-12-07. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2011-01-01.
> Cite as: საქართველოს საბაჟო კოდექსი, მუხლი 92³ (consolidated as of 2010-12-07), legal.ge, https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-3

1. კამერალური საბაჟო შემოწმება დეკლარანტის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საბაჟო ორგანოში დეკლარანტის მიერ წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების, ხელშეკრულების, ინვოისის, სატრანსპორტო დოკუმენტის, წარმოშობის სერტიფიკატის, შეფუთვის ფურცლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტის, გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, საბაჟო ორგანოში არსებული საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებისა და მონაცემების, აგრეთვე დეკლარანტისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ადგენს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიერ საბაჟო ვალდებულებების, არასატარიფო ღონისძიებების შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. კამერალურ საბაჟო შემოწმებას ატარებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაბამისად, საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილის წერილობითი ბრძანების საფუძველზე.

3. თუ დეკლარანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეცდომები, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს დეკლარანტს, რომელმაც ამ დოკუმენტებში (გარდა საბაჟო დეკლარაციისა) უნდა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები. საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებებს ახორციელებს საბაჟო ორგანოს მოხელე.

4. თუ კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს საბაჟო ვალდებულების თანხის ცვლილებას (შემცირებას ან გაზრდას) ან ავლენს არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდების ფაქტს, მაშინ კამერალური საბაჟო შემოწმების ჩამტარებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო შემოწმების აქტს და ხელს აწერს მასზე. აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საბაჟო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე.

5. კამერალური საბაჟო შემოწმების შედეგად გადასახადის, სანქციის დარიცხული თანხის შესახებ დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41,
30.12.
2008წ.,
მუხ.307

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/24592-sakartvelos-sabazho-kodeksi/92-4.md
