---
title: "მუხლი 10. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/10"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/10

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი (შემდგომ – განაცხადი) სამინისტროში შეტანილი უნდა იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადს უნდა ერთოდეს:
ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია;
ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ) პროექტის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა;
დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები;
ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება;
ვ) საქმიანობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება;
ზ) მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ;
თ) გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად;
ი) მაკონტროლებელი ორგანოებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენის სქემა (შემდგომ – ანგარიშგების სქემა).

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა, თუ:
ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს;
ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან/და სხვა, უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს;
გ) პროექტის ხელმძღვანელსა და ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომელიც აუცილებელია მათი ვალდებულებების შესასრულებლად;
დ) მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას;
ე) დაცულია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვას.
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/10-1.md
