---
title: "მუხლი 27. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/27"
law: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 2516880"
adopted: "2014-09-18"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/27

1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული, ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია. ამ რეესტრის დოკუმენტურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება.
[ 1. სამინისტრო ქმნის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს, რომელშიც აღირიცხება ამ კანონით ნებადართული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაცია. ამ რეესტრის მატერიალურ ვერსიასთან ერთად იქმნება ელექტრონული ვერსია, რომელიც სპეციალურ ინტერნეტგვერდზე განთავსდება. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)]
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ნებისმიერი ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს:
ა) იმ პირთა სახელები (იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა) და მისამართები, რომლებმაც სამინისტროში შეიტანეს განაცხადი;
ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები;
[ ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აღწერილია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)]
გ) ინფორმაცია შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წარმოების ადგილის და მის წარმოებაში მონაწილე პირების შესახებ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის აღწერილობა და ზოგადი მახასიათებლები;
დ) ცნობები შესაბამისი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის და საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ – მისი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას;
[ დ 1 ) ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული და გადასამუშავებლად დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლებისა და ადგილწარმოშობის შესახებ ცნობები; (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)]
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრი საჯარო დოკუმენტია. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, შეუფერხებლად გაეცნოს მას უმოკლეს ვადაში, აგრეთვე მიიღოს მთელი რეესტრის ან მისი გარკვეული ნაწილის ასლი ასლის გადაღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თანხის გადახდის შემთხვევაში.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში არ შეიტანება ის ინფორმაცია, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონფიდენციალურ ინფორმაციად არის მიჩნეული.

5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.
თავი VIII
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/28.md
