---
title: "მუხლი 4. ტერმინთა განმარტება — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/4"
law: "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2634028"
adopted: "2014-12-11"
consolidated_as_of: "2019-06-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ტერმინთა განმარტება — სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2019-06-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2019-06-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/4

1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (შემდგომ – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;
ბ) გენმოდიფიცირებული პროდუქტი – გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გადამუშავების შედეგად მიღებული ან/და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი და რომელიც განკუთვნილია სურსათად/ცხოველის საკვებად;
გ) ეტიკეტირება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან და გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფუთვაზე განთავსება ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ბაზარზე განთავსება – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მესამე პირისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ნებისმიერი ფორმით;
ე) იმპორტი – სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად გამოყენებული საბაჟო პროცედურა;
ვ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომელიც ახორციელებს  სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებასა და იმპორტს და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის;
ზ) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს სარეალიზაციოდ არ იყენებს;
თ) მესამე პირი – პირი, რომელიც სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან/და გენმოდიფიცირებულ პროდუქტს იყენებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობისათვის;
ი) თანმხლები დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია ნორმატიული დოკუმენტი, რომელსაც შეესაბამება პროდუქტი, აგრეთვე მითითებულია ინფორმაცია პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი.

2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „სურსათი“, „ცხოველის  საკვები“ და „სახელმწიფო კონტროლი“ აქვს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4932 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.
თავი II
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტის ბაზარზე  განთავსება, იმპორტი და ეტიკეტირების წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/5.md
