---
title: "მუხლი 14. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/14"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "14"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 14 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/14

1. ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი ან ფიზიკური პირის შემთხვევაში − 1 000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება, ვალდებულია შეიმუშაოს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა. ეს გეგმა ძირითადად უნდა მოიცავდეს:
ა) წარმოქმნილი ნარჩენების შესახებ ინფორმაციას (კერძოდ, მონაცემებს მათი წარმოშობის, ნარჩენების ნუსხით განსაზღვრული ნარჩენების სახეობების, შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ);
ბ) ნარჩენების, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და ნარჩენების აღდგენისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას;
გ) წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირების მეთოდის, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების მეთოდის აღწერას;
დ) ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდებსა და პირობებს;
ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებულ მეთოდებს ან/და იმ პირის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ნარჩენები შემდგომი დამუშავებისთვის გადაეცემა.

2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა წარედგინება სამინისტროს. გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული მუნიციპალიტეტისთვის და სხვა პირისთვის.

3. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა ახლდება ყოველ 3 წელიწადში ან წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის შეცვლის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1692 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/15.md
