---
title: "მუხლი 7. ნარჩენების — ნარჩენების მართვის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/7"
law: "ნარჩენების მართვის კოდექსი"
article: "7"
identifier: "2994-რს"
adopted: "2014-12-26"
consolidated_as_of: "2026-09-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ნარჩენების — ნარჩენების მართვის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-09-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-09-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/7

მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები 1. ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა განხორციელდეს ნარჩენების სახეობების, მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით, ისე, რომ შემდგომ დაბრკოლება არ შეექმნას აღდგენას.

2. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება, დანაგვიანება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.

3. ნარჩენების ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების/დანაგვიანების შემთხვევაში ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება.

4. ნარჩენების წარმომქმნელი და ნარჩენების მფლობელი ვალდებული არიან, ნარჩენები თავად დაამუშაონ ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცენ შესაბამისი უფლების მქონე პირებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5. თუ ნარჩენები გადაცემულია აღდგენისთვის ან განთავსებისთვის, ნარჩენების თავდაპირველი წარმომქმნელის ან/და ნარჩენების მფლობელის პასუხისმგებლობა ძალაშია ნარჩენების სრულ აღდგენამდე ან განთავსებამდე.

6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას, ვალდებულია ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვა ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.

7. ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელებამდე მიიღოს ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას თან იქონიოს აღნიშნული მოწმობა.

8. აკრძალულია ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა.

9. ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3393 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2676416-narchenebis-martvis-kodeksi/8.md
