---
title: "მუხლი 12. ელექტრონული თვალთვალი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/12"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ელექტრონული თვალთვალი — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/12

1. ელექტრონული თვალთვალის განსახორციელებლად სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილი წარმომადგენელი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2. ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ნებართვის შესახებ შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს: ა) ელექტრონული თვალთვალის განხორციელების ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დასაბუთებას; ბ) დასაბუთებას, რომ ელექტრონული თვალთვალის განხორციელება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად და იგი მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა; გ) დასაბუთებას, რომ კონტრდაზვერვითი ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელების გარეშე ვერ მოიპოვება; დ) მითითებას მოთხოვნილი ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების სახის შესახებ; ე) ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების შესახებ დეტალურ მონაცემებს (სავალდებულო არ არის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შემთხვევაში, თუ ღონისძიების მიზანი ამ ობიექტის/ობიექტების იდენტიფიცირებაა); ვ) დეტალურ მონაცემებს ელექტრონული თვალთვალის ობიექტის/ობიექტების საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების შესახებ, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების ფარგლებში. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №484 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.441 საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/13.md
