---
title: "მუხლი 14². ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-2"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "14^2"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14². ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 14² (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-2

1. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება ხდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად გამოყოფილ, შეზღუდული დაშვების არეალებში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამგვარ არეალებში შესვლის და უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემასთან დაშვების წესი, პროცედურა და პირობები განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

2. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას იმგვარად უნდა დახარისხდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების მქონე ინფორმაციის აღნიშნული მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაციისგან გამიჯვნა და შენახვა. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებისთვის ღირებულების არმქონე ინფორმაცია უნდა გაანადგუროს უფლებამოსილმა ორგანომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების დროს, დადგენილი პერიოდულობით. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის დახარისხების წესი, პროცედურა და ტექნიკურ-ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტით.

3. ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული/მოპოვებული ინფორმაციის სათანადო დაცვისათვის პასუხისმგებელი არიან უფლებამოსილი ორგანო და სპეციალური სამსახური. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-3.md
