---
title: "მუხლი 14⁷. უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-7"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "14^7"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14⁷. უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 14⁷ (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-7

1. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით უფლებამოსილი ორგანოსგან ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოთხოვის შესახებ. ზედამხედველი მოსამართლე ამ შუამდგომლობას განიხილავს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება: ა) გასცემს ბრძანებას უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; ბ) განკარგულება უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; გ) დეტალური მონაცემები იმ საკომუნიკაციო აღჭურვილობის შესახებ, რომლის მეშვეობით განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც უნდა იქნეს გამოთხოვილი; დ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გადაეცეს გამოთხოვილი ინფორმაცია; ე) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს ბრძანება; ვ) ინფორმაციის გამოთხოვისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს). საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №477 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/14-8.md
