---
title: "მუხლი 8. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/8"
law: "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 27364"
adopted: "2005-11-11"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებები — კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2018-12-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/8

1. სპეციალური სამსახურების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. სპეციალური სამსახურები ვალდებული არიან: ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ყველა საჭირო ქმედება კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანების შესასრულებლად; ბ) განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იურიდიული პირის უფლებები, პატივი სცენ პიროვნების ღირსებას; გ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები.

3. სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ: ა) ღიად ან/და ფარულად ჩაატარონ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლით დაამყარონ ურთიერთობა მოქალაქეებთან, რომელთაც ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ სპეციალურ სამსახურებს; გ) შექმნან და გამოიყენონ საინფორმაციო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტრდაზვერვითი საქმიანობის ამოცანათა შესრულებას; დ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით გამოიყენონ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობები, ქონება, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი სადგომები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება; ე) კონსპირაციის მიზნით გამოიყენონ დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სპეციალური სამსახურების თანამდებობის პირთა ვინაობა, დანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ სამსახურებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/9.md
