---
title: "მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/3"
law: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ"
article: "3"
identifier: "3099-IIს"
adopted: "2015-02-19"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/3

1. სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას.

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს;
გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.

4. დაზვერვის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს როგორც საკუთარ უწყებაში, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების და ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №6918 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2025  წლის 26 ივნისის კანონი №764 - ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/2-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2750311-sakhelmwipo-saidumloebis-shesakheb/4.md
