---
title: "მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/1"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "1"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-07-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-07-04.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/1

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობა – საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად;
ბ) თვითმმართველი ერთეული – დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსულობები, ბიუჯეტი, ადმინისტრაციული ცენტრი და არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) (ამოღებულია);
დ) დასახლება – მოსახლეობის განსახლების პირველადი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, აქვს ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახლება შედის თვითმმართველი ერთეულის შემადგენლობაში ან თვითმმართველი ერთეულია. დასახლების კატეგორიებია:
დ.ა) სოფელი – დასახლება, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ან/და რომლის ინფრასტრუქტურა ძირითადად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე;
დ.ბ) დაბა – არანაკლებ 3000 მოსახლისაგან შემდგარი დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც არსებობს სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს, ამასთანავე, არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 3000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი;
დ.გ) ქალაქი – არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებიდან და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოს სპეციალური სტატუსი;
ე) მუნიციპალიტეტი – დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;
ვ) თვითმმართველი ქალაქი – ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;
ზ) ადმინისტრაციული ერთეული – თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ადმინისტრაციული ერთეულებია:
ზ.ა) დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი);
ზ.ბ) დასახლებათა გაერთიანება (თემი);
ზ.გ) დასახლების ნაწილი (უბანი);
თ) საკუთარი უფლებამოსილება – თვითმმართველი ერთეულის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით;
ი) დელეგირებული უფლებამოსილება – სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა თვითმმართველ ერთეულს;
კ) (ამოღებულია).
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №1135 - სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.29
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16

---
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/2.md
