---
title: "მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/22"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "22"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/22

1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის;
ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება;
თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;
კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;
მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
ნ 1 ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცება;
ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;
რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;
უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;
ქ ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის , თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზაციო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენა ;
ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება;
ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;
ც 1 ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ;
ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5296 - სსმ I, №31, 03.08.2007 წ., მუხ.347
საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის ორგანული კანონი №5463 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.371
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4056 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ.,მუხ.451
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის ორგანული კანონი №824 – ვებგვერდი, 06.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1232 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/23.md
