---
title: "მუხლი 49. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/49"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "49"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-07-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-07-04.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/49

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისგან, ისე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.

3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და განხილვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გათანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.

5. თვითმმართველ ერთეულს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად და თავისი შეხედულებისამებრ.

6. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობებს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ.

8. თვითმმართველ ერთეულს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტების, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერების გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსულობები.

9. თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს.

10. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №950 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.295
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/50.md
